„რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის, და ცრემლმდენი გაზის) გამოყენება?" დეპუტატების ამ შეკითხვას უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელსაც დღეს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.
მისი თქმით, 7 მარტს, დაახლოებით 22:30 საათიდან, შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. „აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირების, დამცავი ფარების წართმევა პოლიციის თანამშრომლებისთვის. მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგანს: ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინის და ბეტონის ნაჭრებს, დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს“.
„ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ პირველად საქართველოში აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს.
პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა „წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები.
ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციამ ადგილზე მოახერხა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, მოხდა მათი დაკავება.
საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან სახალხო დამცველზე თავდასხმა. ყველამ ვნახეთ, როგორ ესროდნენ მას კვერცხებს, შეასხეს წყალი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“, - განაცხადა გომელაურმა და აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაბამისად, პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა, სპეციალური საშუალებები, მათ შორის, წყლის ჭავლი“.
„უნდა აღნიშნოს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდგნენ კორდონებად და მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების რეჟიმში".
მინისტრის თქმით, „სიტუაციის ანალიზით, ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ასევე, პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს“. „შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, აუცილებელი გახდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული შესაბამისი საშუალებების გამოყენება".
ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეს გამართულ აქციაზეც არაერთხელ გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილი". მისი თქმით, დააზიანეს პოლიციის ავტომანქანები, ავტობუსი და ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანას. მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ. მათგან ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ერთს [ლაზარე გრიგორიადისს] - პატიმრობა.
- ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დემონსტრაციებზე „ერთი ადამიანი არ ისროდა, ბევრი ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს: „ღმერთმა ქნას, რომ ეს დავადგინოთ", - აღნიშნა მინისტრმა.
გომელაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი.